კახეთში გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 20 მილიონი ლარი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში გადაიხადეს, გაფლანგული და მოპარულია - გიორგი ბოტკოველი
ის, რაც გუშინ საღამოს კახეთში მოხდა, ეს არ არის სტიქია, ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს - გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 20 მილიონი ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში, არის გაფლანგული და მოპარული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოტკოველი გამოვიდა ინიციატივით, დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც მოსავალი გაუნადგურდათ, ხელისუფლებამ ზარალი აუნაზღაუროს.
„ის, რაც გუშინ საღამოს კახეთში მოხდა, ეს არ არის სტიქია, ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ქალაქ ყვარელს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ასეულობით ოჯახსა და მაცხოვრებელს. 100%-ით განადგურებულია როგორც მოსავალი, ისე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 20 მილიონი ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში, არის გაფლანგული და მოპარული. ყოველდღიურად აღნიშნული უწყებისა და აღნიშნული დანადგარების შენახვა არის წყალში გადაყრილი ფული. დღეს ტრადიციული მთავრობის სხდომა უნდა ჩატარებულიყო 14:00 საათზე. მთავრობამ არც იკადრა და არც ჩანიშნა მთავრობის სხდომა, რომ პასუხი გაეცათ იმ დაზარალებული, გაუბედურებული ადამიანებისთვის, რომლებსაც აღარ გააჩნიათ ფაქტობრივად არაფერი. ეს არის სრული ტრაგედია, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ, პასუხი უნდა გასცეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა, როცა ვითომ შეიძინა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები და წყალში გადაყარა 20 მილიონი ლარი. ჩვენ გამოვდივართ კვლავ იმავე ინიციატივით, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უხვმა ნალექმა გაუნადგურა მოსავალი, სასწრაფოდ ანაზღაურებული იქნას ის გამოყოფილი სუბსიდირებული თანხა, რომელიც მათ შარშანდელ წელთან შედარებით იგივე მოსავლის შემთხვევაში უნდა მიეღოთ. რაც შეეხებათ ამ დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ, სასწრაფოდ ვითხოვთ რეაგირებას, იმოქმედოს ხელისუფლებამ და ანაზღაურებულ იქნას ის ზიანი, რომელიც სწორედ ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის და დანაშაულის გამო მიიღო ხალხმა. ის თანხები ვითომ ხელისუფლების მხრიდან რომ იხარჯება გლეხის, მშრომელი კაცის მხარდასაჭერად, ეს არის ჩინოვნიკების, მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეებში ჩალექილი მოპარული თანხები“,-განაცხადა ბოტკოველმა.