ვისაც კი რაიმე თანამდებობა უკავია ეროვნულ ბანკში, ყველა გასაყრელია - დემურ გიორხელიძე
„ვისაც კი რაიმე თანამდებობა უკავია ეროვნულ ბანკში, ყველა გასაყრელია“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავასა და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის მიერ თანამდებობების დატოვებას.
„რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ვისაც კი იქ რაიმე თანამდებობა უჭირავს ყველა გასაყრელია, იმიტომ რომ ამაზე მავნებლური ორგანიზაცია საქართველოში ძნელი მოსაძებნია. ამიტომ კარგია, რომ მიდიან, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება კომპეტენტური კადრებით მისი დაკომპლექტება“, - განაცხადა გიორხელიძემ TIA.GE-სთან.
მან სებ-ის მიერ სანქცირების ნორმის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში მხოლოდ სამართლებრივ დონეზე უნდა იმოქმედოს და არა პირადი შეხედულებების საფუძველზე.
„მე ახლა არ განვიხილავ ფარცხალაძის საკითხს, ეს არის სამართლებრივი საკითხი, წმინდა იურიდიული მხარე და ხელისუფლებას თუ გონიერება შერჩენია, მხოლოდ სამართლებრივ დონეზე უნდა იმოქმედოს და არა შეხედულებების დონეზე. თუმცა არ მგონია, რომ საქართველოში შეიძლება მოქმედებდეს რაიმე საერთაშორისო „კანონმდებლობა“, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა იქნება, ეს ის პრინციპული მომენტია, რომელიც დარღვეულია საქართველოში“, - განაცხადა გიორხელიძემ.