ამაზე მავნებლური ორგანიზაცია საქართველოში ძნელი მოსაძებნია - დემურ გიორხელიძე ეროვნულ ბანკზე
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქცირების ნორმის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში მხოლოდ სამართლებრივ დონეზე უნდა იმოქმედოს და არა პირადი შეხედულებების საფუძველზე. აღნიშნული კომენტარი გიორხელიძემ TIA.GE-სთან გააკეთა.
„მე ახლა არ განვიხილავ ფარცხალაძის საკითხს, ეს არის სამართლებრივი საკითხი, წმინდა იურიდიული მხარე და ხელისუფლებას თუ გონიერება შერჩენია, მხოლოდ სამართლებრივ დონეზე უნდა იმოქმედოს და არა შეხედულებების დონეზე. თუმცა არ მგონია, რომ საქართველოში შეიძლება მოქმედებდეს რაიმე საერთაშორისო „კანონმდებლობა“, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა იქნება, ეს ის პრინციპული მომენტია, რომელიც დარღვეულია საქართველოში“, - განაცხადა გიორხელიძემ.
ექსპერტი ასევე გამოეხმაურა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავასა და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის მიერ თანამდებობების დატოვებას და აღნიშნა, რომ „ეროვნული ბანკიდან ყველა თანამდებობის პირი გასაყრელია“.
„რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ვისაც კი იქ რაიმე თანამდებობა უჭირავს ყველა გასაყრელია, იმიტომ რომ ამაზე მავნებლური ორგანიზაცია საქართველოში ძნელი მოსაძებნია. ამიტომ კარგია, რომ მიდიან, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება კომპეტენტური კადრებით მისი დაკომპლექტება“, - თქვა გიორხელიძემ.