გამომძიებლის ცნობით, ნიკა მელია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში ნიკა მელიას შეხვდა. როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, ირაკლი ლუხოშვილმა განაცხადა, მელია უარს აცხადებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას ჰქონდა, თუ არა ადგილი მის მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას.
"შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები" თქვა ლუხოშვილმა.
მისივე განცხადებით, "ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში", მას არ შეუმჩნევია მელიასთვის სხეულის დაზიანება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათი რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიამ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აცნობა.
შეგახსენებთ, ნიკა მელია, ზვად კუპრავა და ბაჩო დოლიძე გუშინ, გლდანში დააკავეს. ისინი იქ ნაცემი თანაგუნდელის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.