მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა - შალვა პაპუაშვილი
გუშინ ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ახალ წევრს, რომლის მიმართაც გარკვეული აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა პრეზიდენტის მხრიდან. ეს არის პირდაპირ თავდასხმა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს და განცხადებებს, მიჭირს იმის თქმა, რა უფრო უარესია, ქმედებები პრეზიდენტის, თუ ამისი გამართლების მცდელობა. ერთი მეორეზე უარესია და სამწუხაროა ეს მდგომარეობა. ასე პირდაპირ თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ჩვენ გუშინ ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ახალ წევრს, რომლის მიმართაც გარკვეული აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა პრეზიდენტის მხრიდან. ეს არის პირდაპირ თავდასხმა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე. აქ უკვე აღარც კონსტიტუციური ჩარჩოები მოქმედებს როგორც ჩანს პრეზიდენტისთვის, და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც ადამიანური. რაც ჩვენ ვნახეთ განცხადების სახით, ის ცდილობდა გამართლებას თავისი ქმედებისა, რომ იყენებდა ორ ადამიანს, რათა პარლამენტისთვის რაღაც დაემტკიცებინა, ეს არის ჩვეულებრივი ღირსების შემლახავი დამოკიდებულება სხვების მიმართ. პრეზიდენტი არ ერიდება იმის თქმას, რომ სხვა ადამიანებს იყენებს კონსტიტუციური ბრძოლებისთვის. ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო, ეროვნული ბანკი გახლავთ პარლამენტთან ანგარიშვალდებული კონსტიტუციური ორგანო, ამიტომ პარლამენტის ვალდებულებაც არის, რომ როდესაც ხდება მასზე თავდასხმა, ამაზე გვქონდეს რეაგირება. მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.