შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილების მისაღებად შსს-ს 50 წუთი დასჭირდა - რა წერია საქმის მასალებში?
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ანა თავხელიძე, შოვის სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავს. ის ტრაგედიის საქმის ახალ მასალებს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გაეცნო.
გამოძიების პროცესს სწორედ ეს უწყება კურირებს.
საქმის ახალი მასალებიდან ირკვევ, რომ სახელმწიფომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო 112-ში შესული პირველი ზარიდან 50 წუთში. სასაზღვრო პოლიციაში ვერტმფრენის მოთხოვნის შესახებ განცხადება შევიდა 3 აგვისტოს 15:56 წუთზე, ანუ სტიქიიდან დაახლოებით 50 წუთში:
„პირველი ზარი შოვიდან 112-ში 15:07 წუთზეა შესული. იმ წუთებში 112-ში ათეულობით ზარია შესული. საქმის მასალებში გარკვევით ჩანს, რომ თითოეული ზარის ავტორი ოპერატორს ატყობინებს, რომ იმყოფებიან დამეწყრილ ტერიტორიაზე და იქ გარდა ვერტმფრენისა, სხვა სატრანსპორტო საშუალება ვერ მივა. პირველივე წუთებში იცოდნენ და უნდა სცოდნოდათ, რომ სამაშველო პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩართულიყო ვერტმფრენი. თუმცა, ეს გადაწყვეტილება 50 წუთის შემდეგაა მიღებული. მე არ ვიცი, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა თუ ეს დრო სჭირდება შესაბამის სტრუქტურებს გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა 50 წუთის შემდეგ“, – ამბობს ანა თავხელიძე.
გარდა ამისა, გამოძიება ადვოკატებს უარს ეუბნება საქმის მასალების ასლების გადაცემაზე და ისინი იძულებულები არიან, საქმეში არსებული ათეულობით ტომი, ადგილზე შეისწავლონ.
წყარო: “რადიო თავისუფლება”