მოვისმინეთ საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს - პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე
ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, ერთადერთი შედეგი ჰქონდა, ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
პაპუაშვილის განმარტებით, სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს.
„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ – პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველომ სანქციები დაუწესოს. ამ საკითხზე საუბარი უკვე ბევრჯერ იყო და ბოლო პერიოდში პარტნიორების მხრიდან ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, ერთადერთი შედეგი ჰქონდა, ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ.
ყველას შევახსენებ, რომ მიზეზი, რის გამოს საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, ეს არაერთხელ ავხსენით. სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს. სანქციების ომში შესვლით ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ ზიანს და დარტყმას მიიღებს. რა თქმა უნდა, რუსეთთან ასეთ ესკალაციაში შესვლა საბოლოო ჯამში ჩვენი უსაფრთხოებუსთვის რისკებს ქმნის. ამიტომ ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავაწესოთ რუსეთის მიმართ და ამავე დროს უარს გვეუბნება, რომ მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური მხარდაჭერის გარანტიები, რა თქმა უნდა, ესკალაციისკენ გვიბიძგებს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტების განსახორციელებლად თანხმობა არ მიეცა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.