ლავროვის განცხადებით დადასტურდა, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ ივანიშვილის მთავრობა - ირაკლი ნადირაძე
ლავროვის განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალის წარმომადგენელი - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების შეფასებისას. ნადირაძის თქმით, დადასტურდა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა არა ბიზნესის, არამედ უშუალოდ მთავრობის მხრიდან
„ფაქტია, რომ ლავროვის განცხადებით დადასტურდა, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ უშუალოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალი წარმოდგენილი და „ქართული ოცნება“, როგორც „ეძინაია რასიას“ ფილიალი, ათბობს რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.“ - თქვა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფრენები საქართველოსთან, ღარიბაშვილის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად აღდგა.