"2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა, როგორც პირადად ჩემი და ხალხის გამარჯვების დღე“ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ 2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც "ქართული ოცნების", არამედ ქართველი ხალხისა და პირადად მის გამარჯვების დღედ.
"2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც "ქართული ოცნების", არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ!
სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ბევრ ჩვენს მეგობარსაც არ სჯეროდა, რომ საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო მიღებული, იმ ტრადიციას არ დაარღვევდა და არ მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.
მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ქართულ ახალგაზრდა დემოკრატიას, სწორედ ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან და ნატოსთან !
მე 2012 წლის 2 ოქტომბერს დაგპირდით, რომ ვიბრძოლებდი ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვრის შენარჩუნებისთვის! დღე არ გასულა ისე, რომ ჩემი გუნდის წევრებს არ ემხილა “ქართული ოცნება” კორუფციასა და კრიმინალების მფარველობაში. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შეუძლებელი შეძლო და მიუხედავად ყოველდღიური ფიზიკური წინააღმდეგობისა, არ მისცა საშუალება ივანიშვილის ხელის ბიჭებს, ბოლომდე გაენადგურებინათ და ფეხქვეშ გაეთელათ ჩვენი შექმნილი თანამედროვე საქართველო.
მაგრამ უკვე აშკარაა, რომ საფრთხე ვარდების რევოლუციის მთავარ მონაპოვარს ექმნება.
დღეს ჩვენ ვკარგავთ ყველაზე მთავარს - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას!
ამიტომაც დღეს დაყოფის დრო აღარ არის! ოლიგარქის დამარცხების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია.
დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა. ამიტომაც ჩვენი ამოცანაა: გადავარჩინოთ საქართველო და შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ვერანაირი გარე ძალა და ოლიგარქები ვერ დაეპატრონებიან.
მე მზად ვარ, თქვენთან ერთად დავწერო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიის მომდევნო თავი!", - წერს სააკაშვილი.