"რთულია დაძინება. თუ ვიძინებ, ვხედავ სიზმრებს, რომ..." - რას ჰყვება მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიისას ოჯახის 9 წევრი დაკარგა
მარიტა გუტაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მან შოვის ტრაგედიისას ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა. ცხოვრება უდიდესი ტკივილით, პასუხგაუცემელი კითხვებით - როგორ ცხოვრობს 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ. მარიტა გადაცემა "სთორის" სტუმარი იყო და საზოგადოებას უდიდეს ტკივილზე ესაუბრა.
"ძალიან რთულია დაძინება. დაძინება ყველას გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ წამლებს ვიღებთ, დამამშვიდებლებს. სადღაც 4-5 საათამდე ვერ ვიძინებ, თუ ვიძინებ, მაშინ ვხედავ სიზმრებს. სიზმრებში ვხედავ სამი აგვისტოს შემდეგ როგორ მეხმარება მეგი (მარიტას და, რომელიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლა - რედ.) რომ გაირკვეს, რატომ მოხდა ასე.
სამი აგვისტოს შემდეგ ცხოვრებას ვაგრძელებ სიზმრებით, დაკარგულ ცხრა წევრთან ერთად და არამარტო, იქ იყო გენადი ბიძია, რომელმაც გამზარდა და კიდევ ჩვენი თანასოფლელები ვინც. ამით ვაგრძელებ ცხოვრებას. თუ სიზმრებს ვერ ვხედავ, ის ღამე არაფრად მიმაჩნია.
ყველანი ისე ვართ რომ ჩვენი შინაგანი სისუსტე ერთმანეთს არ დავანახოთ. დედაც ძალიან ძლიერად დგას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს, ეტყობა რომ ძლიერად დგას და ცდილობს, არ დამანახოს როგორი გულნატკენია, მაგრამ მე ვიცი, ვიცნობ დედაჩემს და ვიცი როგორი ადამიანია შინაგანად. მამა ძირითადად იწყებს ფოტოების თვალიერებას და ეფერება ყველას, ცხრავეს", - ამბობს მარიტა.