თეგებით ძიება

პარლამენტმა არ უნდა მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი - არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი არ უნდა მიიღოს“.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

„საქართველოს პარლამენტში 2 ოქტომბერს უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. ინიციირებული ცვლილებები უკიდურესად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რა იცვლება: მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი; შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ: საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;

ბუნდოვანია საპოლიციო ძალებისათვის მოწყობილი კონსტრუქციის დემონტაჟის უფლების მინიჭების საკითხი, კერძოდ, დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად სამართალდამცველი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

წესდება სანქციები, კერძოდ დარღვევა იწვევს საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით; ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ინიციატორები წესების გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებენ. განმარტებითი ბარათის თანახმად, „წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა