"14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ბავშვის გაყიდვა" - ნათია ფანჯიკიძე საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე
საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
"14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება, ან მონად ყიდვა. ძალიან მკაცრი უნდა იყოს სასჯელი ყველას მიმართ, რომ ასეთი კოშმარი აღარასდროს მოხდეს.
განა სრულწლოვან ადამიანებს არ ემართებათ უბედურება, მაგრამ ზრდასრულს რაღაც შანსი მაინც აქვს, მოიფიქროს რამე და თავი დააღწიოს თავის ჯოჯოხეთს. 14 წლის მოზარდს საერთოდ არ გააჩნია რაიმე გამოცდილება და თვითგადარჩენის სტრატეგიები" - წერს ფანჯიკიძე.