პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ორი თვითმფრინავით ისრაელიდან 215 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, ისინი უსაფრთხოდ დაეშვნენ ბუდაპეშტში.
ბულგარეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო BTA-ს ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავით ქვეყანაში დააბრუნა 90 მოქალაქე. Airbus-ის თვითმფრინავი, რომელიც კვირას თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან გაფრინდა, უსაფრთხოდ დაეშვა სოფიაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე.
მანამდე რუმინეთმა წარმატებით დააბრუნა 346 მოქალაქე ისრაელიდან, როგორც ეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
ევაკუაცია დაიწყო პოლონეთმაც, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში ორშაბათს დილით დაეშვა. ქვეყანაში დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა ისრაელიდან.