რთული ღამე გვქონდა წუხელ, დაგვბომბეს... 450 დაჭრილი გვყავს, ასევე გვყავს გარდაცვლილები - ექიმი დიანა გოგბერაშვილი
დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს სამედიცინო ცენტრს მიღებული ჰყავს 450 დაჭრილი, მათი უმრავლესობის მდგომარეობა იყო მძიმე და მძიმედ რჩება. ასევე გვყავს გარდაცვლილები, - ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა ექიმმა დიანა გოგბერაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ქალაქში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, გადაადგილება შესაძლებელია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აუცილებელია. გვაქვს სპეციალური საშვები, რითაც გადავადგილდებით, პერიოდულად გვამოწმებენ. ჩემი ქალაქი ღაზას სექტორიდან 18 კილომეტრშია. ცოტა რთული ღამე გვქონდა წუხელ, დაგვბომბეს, იყო რაკეტების პირდაპირი ვარდნა, იყო განგაშის სიგნალებიც“, - აღნიშნა დიანა გოგბერაშვილმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.