ძლივს ვიშოვეთ ბილეთები, ძალიან ძვირია, 2 000 ლარამდეა ფასი - რას ყვებიან ისრაელიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები?
საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან სამშობლოში ბრუნდებიან - დღეს თელ-ავივიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა.
დაბრუნებულები იმ დღეებს იხსენებენ, რომლებიც "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გაიარეს. მათივე თქმით, ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ბილეთების მაღალი ფასისა და შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ ახერხებენ.
"მე მოვდივარ ქალაქ ბათიამიდან, იქ შედარებით სიწყნარეა, კი არის ხანდახან სროლები, მაგრამ დაცულია ის მხარე, უფრო საშიში ზონა იყო ღაზას მხარეს. არის ბილეთების უკმარისობა, ზოგს უნდა წამოსვლა, მაგრამ ისეთი ბილეთებია დარჩენილი, რომ კატასტროფულად ძვირია. ყურადღება აუცილებლად მისაქცევია", - ყვება ერთ-ერთი მოქალაქე.
კიდევ ერთი დაბრუნებული კი აღნიშნავს, რომ ბილეთების ფასი ძალიან ძვირია და 2 000 ლარსაც კი აღწევს.
"ცენტრში შედარებით სიმშვიდეა, ბათიამში, განაპირა მხარეებს ძალიან ინტენსიურად ბომბავენ. ჩვენც ძლივს ვიშოვეთ, თბილისიდან ვიყიდეთ ბილეთი. ბილეთები არ არის, ძალიან ძვირია ბილეთები 2 000 ლარამდეა ფასი", - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი აეროპორტში ელოდება დამატებითი რეისის დანიშვნას, ან ბილეთებს.
ცნობისთვის, არაერთმა ქვეყანამ ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, თუმცა საქართველოს მთავრობა იგივეს გაკეთებას არ გეგმავს.