ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე 4 საავადმყოფო ევაკუაციაზე უარს ამბობს - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე 4 საავადმყოფო ევაკუაციაზე უარს ამბობს.
ისრაელში ამბობენ, რომ „ჰამასის“ მებრძოლები მას ფარად იყენებენ.
„ღაზის სექტორის ჩრდილოეთით 20 საავადმყოფოა, მათგან ექვსის ევაკუაცია უკვე მოხდა, 10-იდან ჯერ არ მომხდარა ევაკუაცია, ოთხი კი უარს აცხადებს“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ზოგიერთ საავადმყოფოს მძიმედ დაჭრილი და დაავადებული პაციენტების გადაყვანა უჭირს, მაგრამ სამხედროებს პირდაპირი ურთიერთობა აქვთ საავადმყოფოს თითქმის ყველა მენეჯერთან, სწორედ ამიტომ ისრაელის თავდაცვის ძალები მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.