ჩინეთსა და აშშ-ს უნდა ჰქონდეთ დიალოგი, მათ აქვთ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ უთანხმოება და სჭირდებათ დიალოგი გაუგებრობების შესამცირებლად და კავშირების სტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სა და ჩინეთს აქვთ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები და გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა გადაჭრან.
„ჩინეთი და აშშ ორი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს უთანხმოება, განსხვავებები. ამავე დროს, ჩვენ ვიზიარებთ მნიშვნელოვან საერთო ინტერესებს და ვდგებით გამოწვევების წინაშე, ამიტომ ჩინეთსა და აშშ-ს უნდა ჰქონდეთ დიალოგი. ის არა მხოლოდ უნდა განახლდეს, არამედ უნდა იყოს სიღრმისეული და ყოვლისმომცველი, შევამციროთ გაუგებრობა და არასწორი შეფასება“, - დასძინა ვანგ იმ.
ვანგ ის განცხადების საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ სრულიად ეთანხმება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.