თეგებით ძიება

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან“ გათიშეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან" მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათიშეს.

 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს არაერთხელ მოუწოდა, საქმის და მისი ბრალდების გარეშე ესაუბრა, რის შემდეგაც, მოსამართლემ მისი დისტანციურად ჩართვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 

კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული".

 

„ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა