ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი - საყურადღებო ინფორმაცია
ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს:
მისი თქმით, ტრადიციულად, შაქრიანი დიაბეტი ინსულტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენს სისხლში შაქრის კონცენტრაციის მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად თვალი ვადევნოთ.
„ერთ-ერთი უმძლავრესი რისკის ფაქტორი არტერიული ჰიპერტენზია გახლავთ. ანუ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს, ინსულტის, ისევე, როგორც მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი გვაქვს. შესაბამისად, ამ დაავადებას უნდა ვებრძოლოთ. არტერიული წნევა მოვიწესრიგოთ და ეს მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ინსულტი და არა მხოლოდ ინსულტი, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებებიც. გარდა არტერიული ჰიპერტენზიისა, გულის გარკვეული პათოლოგიები საყურადღებოა. განსაკუთრებით, გულის რითმის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მოციმციმე არითმიაა. აღმოჩნდა, რომ მოციმციმე არითმიის შემთხვევაში, გულის გარკვეულ უბანში, უფრო ხშირად წინაგულში, თრომბი წარმოიქმნება, შესაძლოა თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვი დაიხშოს და იშემიური ინსულტი განვითარდეს“.