კახეთში ნავთობისა და გაზის კიდევ ერთი საბადოა - საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა იზრდება
ნავთობისა და გაზის სააგენტო კახეთში, მე-10 სალიცენზიო ბლოკზე საერთაშორისო ინვესტორის შემოყვანას გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, იქ ისტორიულად როგორც გაზის, ისე ნავთობის მარაგები არსებობს.
აღნიშნული სალიცენზიო ბლოკი 4 336 კვადრატული კილომეტრია და თიანეთის, საგარეჯოს, ახმეტის, თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებს მოიცავს.
„კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს თავისუფალი სალიცენზიო ბლოკი, სადაც ვფიქრობთ მოვახდინოთ ამ ტერიტორიაზე არსებული მასალების კიდევ ერთხელ გადამუშავება, რომ შევთავაზოთ ინვესტორებს. დიდი ფართობის მქონე ბლოკია, საინტერესო ადგილას, იქ ისტორიულად გაბურღული ჭაბურღილი იყო, რომელშიც როგორც ნავთობის, ისე გაზის გამოვლინებები იყო.
მოვსინჯავთ და ძლიერი ტექნოლოგიური კომპანიის შემოყვანას ვეცდებით, რომელიც ამ მიმართულებასაც განავითარებს“, - აცხადებს bm.ge-სთან გიორგი ტატიშვილი.
საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა იზრდება. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, წელს ნავთობის მოპოვება 200%-ით, გაზის კი 140%-ით არის გაზრდილი. სააგენტო იმედოვნებს, რომ წლის ბოლო დაფიქსირებული მაჩვენებლები აბსოლუტურ რიცხვებში ნავთობის შემთხვევაში 40 000-ტონიან ნიშნულს, გაზის შემთხვევაში კი 15-18 მილიონ მ³ მოცულობას მიაღწევს.
წყარო: bm.ge