ადამიანებს მალე მუშაობა აღარ მოუწევთ - ილონ მასკის გაფრთხილება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად ადამიანებს მუშაობა აღარ მოუწევთ და კაცობრიობისთვის ძირითადი საკითხი ცხოვრების აზრის ძიება გახდება. ამის შესახებ მასკმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამიტის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს ამ ტიპის პირველი სამიტია და ის დიდ ბრიტანეთში გაიმართა. შეხვედრაში ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები, ექსპერტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებს განიხილავდნენ.
სამიტის ფარგლებში რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით ქვეყნის მთავრობებს ხელოვნური ინტელექტის უახლესი მოდელების ტესტირება შეუძლიათ, რათა დადგინდეს, ხომ არ ემუქრება ის სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. დოკუმენტს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა მოაწერეს ხელი, როგორებიცაა OpenAI, Google DeepMind, Amazon, Mistral, Microsoft და Meta.
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ილონ მასკი დიდი ხანია საუბრობს. სამიტამდე მან განაცხადა, რომ ამ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს.