ფერეიდნელი ქართველის სკანდალური განცხადება -"არსებობს საიდუმლო დოკუმენტები, რომ ისრაელი ირანს ფარულად იარაღს აწვდიდა"
საერთაშორისო სამართლის იურისტი ანდრო ლაჩინანი ძირძველ სამშობლოს 13 წლის წინ დაუბრუნდა. მანამდე ის ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში ცხოვრობდა. წარმოშობით ქიზიყელმა, ჯერ ირანში, კერძოდ, ისპაჰანში, შემდგომ კი საქართველოში მიიღო იურიდიული განათლება. ფერეიდნელი ქართველი დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მიმდინარე ომსა და მასში ირანის როლზე, ასევე, ირანში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება:
- დღეს ტერორისტულ "ჰამასს" ეხმარებიან ირანი, კატარი, რუსეთი, სირია და "ჰესბოლა". კატარი აფინანსებს არა მარტო "ჰამასს", სხვა რადიკალურ და აგრესიულ ჯგუფებსაც (თავის დროზე, აფინანსებდა "თალიბანსაც", რომელმაც პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა კატარში გახსნა). კატარი ცდილობს მისი კონტროლიდან არ გავიდეს "ჰამასი", აკეთოს, რაც უნდა, მაგრამ ზედმეტი არ მოუვიდეს. ირანიც ეხმარება "ჰამასსა" და სხვა ისლამისტურ დაჯგუფებებს "ჰესბოლას", ისლამურ ჯიჰადს, ასევე, "ფათჰსაც". "ფათჰი", ისევე, როგორც "ჰამასი", სუნიტურია, მაგრამ "ჰამასს" უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვს ირანთან, რომელიც მათ იარაღით ამარაგებს: მას აწყობს კონფლიქტი, ოღონდ არა თავის ტერიტორიაზე. არ ვფიქრობ, რომ ისრაელ-"ჰამასის" ომის უკან ირანი დგას. ირანი არასდროს აჩვენებს დიდ აგრესიას, ის ჯერ პატარა აგრესიით იწყებს, მერე მედიაში ატეხს ამბავს, აი, რა ვქენითო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია. 4 წლის წინ ყასემ სოლეიმანის (ირანის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი) მკვლელობის შემდეგ ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა ერაყში, მაგრამ მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ 6 საათით ადრე აცნობა ამერიკელებს, მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო. სამხედრო ბაზას რომ ბომბავ და წინასწარ აცნობებ, ეს რას ნიშნავს? პასუხი გაგეციო. დიდი ალბათობით, "ჰამასის" უკან რუსეთი დგას. ასეთი სისასტიკე რუსეთის ხელწერაა. მას უკრაინიდან უნდოდა ყურადღების გადატანა და ხომ ხედავთ, დღეს უკრაინაზე აღარავინ ლაპარაკობს, მომარაგებაზეც არაფერს ამბობენ.
- არ გამორიცხავენ, რომ ომში "ჰესბოლა" ჩაერთოს.
- თუ "ჰესბოლა" ომს დაიწყებს და ისრაელი საპასუხოდ დაბომბავს, მას თავის ქვეყანაში, ლიბანში მოსთხოვენ პასუხს, მით უმეტეს, ლიბანში შიიტებიც ცხოვრობენ, სუნიტებიც და ქრისტიანებიც. ლიბანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ქრისტიანია, ლიბანის არმიის მთავარსარდალიც, და დაბომბვის შემთხვევაში, ისინი "ჰესბოლას" მოსთხოვენ პასუხს ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევისა და მისი ინტერესების ღალატისთვის. არაბულ სამყაროში არ უყვართ პალესტინელები. 6-დღიანი ომის შემდეგ, 1967 წელს, 2 მილიონი პალესტინელი იძულებით გადასახლდა სხვა ქვეყნებში. ძირითადიად ლიბანში, იორდანიასა და ეგვიპტეში და სამივე ქვეყანაში პრობლემები შექმნა. პალესტინელებმა იორდანიის მეფეს ჰალედ ჰოსეინს (დღევანდელი მეფის მამა) ჯერ თვითმფრინავში ჩაუდეს ბომბი (ის მაშინ გადარჩა), მეორედ - მანქანაში, იორდანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებაც მოაწყვეს... ლიბანში პალესტინელებმა ახალარჩეული პრეზიდენტი მოკლეს, ქრისტიანი კაცი, რასაც ლიბანის შიდა ომი მოჰყვა. მათ ეგვიპტეშიც დიდი როლი ითამაშეს პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათის მკვლელობაში. ამიტომაცაა, რომ დღეს არც ერთი ქვეყანა მათ თავის სახელმწიფოში არ უშვებს. ეგვიპტემ ღაზასთან საზღვარი ჩაკეტა, პალესტინელებმა ეგვიპტელებს პრეზიდენტი სადათი მოუკლეს და რატომ შეუშვებენ? ირანს არ აწყობს ამ ომის მასშტაბურობა, ეს ფიზიკურადაც გამორიცხულია, ირანსა და ისრაელს შორის 2000 კილომეტრია. ისინი რაკეტის გასროლის მეტს ერთმანეთს ვერაფერს უზამენ. ჯარს გამოიყვანენ თუ არტილერიას.
- ირანში როგორი განწყობაა.
- 10 დღეა, რაც ირანიდან დავბრუნდი. ირანის მოსახლეობის 90% ამბობს, რა ჩვენი საქმეა პალესტინა და "ჰამასიო". თვითონ ირანის ლიდერიც, აიათოლა ჰამენეი, რომელიც პირველი პირია ქვეყანაში (და არა პრეზიდენტი, ის არაფერს წყვეტს), ამ კონფლიქტის დაწყებიდან მეოთხე დღეს გამოვიდა და თქვა, ზოგი ფიქრობს, რომ ირანია ამ კონფლიქტის გამღვივებელი და დამწყები, მაგრამ ცდებიანო - ანუ თან თითქოს მხარი დაუჭირა პალესტინელებს, მაგრამ პირდაპირ კი თქვა, ჩემი ბრძანებით არ მომხდარაო.
ირანი და ისრაელი 40 წელია ერთმანეთს უღრენენ, ვითომ ეომებიან, სინამდვილეში, ერთმანეთისთვის ერთი ტყვიაც არ უსვრიათ. არსებობს საიდუმლო დოკუმენტები, როცა ირანი და ერაყი ერთმანეთს 8 წლის განმავლობაში ეომებოდნენ, ირანი და ისრაელი ვითომ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, მაგრამ ისრაელი ირანს ფარულად იარაღს აწვდიდა, საერთო ოპერაციაც აქვთ ჩატარებული. ერაყს თვე-ნახევარში ატომური ბომბი უნდა გაეკეთებინა, ირანისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ერთობლივად დაბომბეს ერაყის ბაზა და ერაყს არ მისცეს საშუალება, ატომური იარაღი დაემზადებინა. როგორც კი ირანი შეიძენს ბირთვულ იარაღს, მაშინვე შეიძენს საუდის არაბეთიც (მას მოლაპარაკება აქვს პაკისტანთან, რომელიც ბირთვული ქვეყანაა), თურქეთი და ეგვიპტეც იმავეს შეეცდებიან. ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დაბომბვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ირანს 30-ზე მეტი ატომური ბაზა აქვს და მათი დაბომბვა ფიზიკურად შეუძლებელია. ირანის პოლიტიკა ასეთია: არაოფიციალურად მსოფლიოს ეუბნება, უნდა მქონდეს ატომური იარაღი, მაგრამ არ გამოვიყენებო. პრაქტიკულად, მას აქვს ატომური იარაღის წარმოების საშუალება, მაგრამ სპეციალურად არ აკეთებს, რადგან მერე ყველას მოუნდება.
წყარო "კვირის პალიტრა".