თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან - გიორგი ვაშაძე
თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„უმძიმესი ტრაგედია მოხდა გუშინ სოფელ კირბალში, უდიდესი უსამართლობა. ქართველი პატრიოტს, ყოფილ სამხედროს, თამაზ გინტურს რუსი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მზაკვრულად თავს დაესხნენ და მოკლეს ჩვენი თანამემამულე. საშინელი უსამართლობაა, რომ სანთლის დასანთებად სალოცავში მისულ ადამიანს დაესხნენ თავს და სიცოცხლე მოუსპეს, რაც ენით აღუწერელი კატასტროფაა. ეს ყოველივე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, ეს კონკრეტული დანაშაულის შემცველი გარემოებაა. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს, მთლიანად საქართველოს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ დიდ დანაშაულსა და უსამართლობას, თურმე ოკუპაციაში რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ წინა ხელისუფლება. ეს ხომ ზუსტად რუსული ნარატივია, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ვეკითხები „ქართული ოცნების“ ვაიქართველებს, 1993 წელს რუსეთმა მოახდინა თუ არა სოხუმის ოკუპაცია, მანამდე ცხინვალის ოკუპაცია და თქვენი მხრიდან ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება? მაინტერესებს, როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა პროპაგანდისტული მესიჯბოქსებით. ანუ ამბობთ, რომ საქართველო თავისი თავის მტერია და არა რუსეთი? ნამუსი ხომ არსებობს, ღირსება არ უნდა დაკარგო. კობახიძე-ღარიბაშვილ-მდინარაძეს, კალაძეს ვეკითხები: ოკუპანტი ვინ არის, ვისი ბრალია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. შეიძლება, მტერს მტერი არ დაარქვა და ქვეყნის ოკუპაციაში შენს ქვეყანას ადანაშაულებდე? იცით, რატომ არის თქვენი განცხადებები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ? ხვალ და ზეგ ამას საერთაშორისო ასპარეზზე დაგვიტრიალებენ და გვეტყვიან, რომ მთავრობა გყავს, რომელიც ოკუპაციაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და არა რუსეთს. კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულა. როდემდე უნდა იყვნენ დაუცველები საქართველოს მოქალაქეები. ამაზე გაგვეცით პასუხი, ამაზე ისაუბრეთ და რუსული ნარატივებით საუბარს თავი დაანებეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.