თეგებით ძიება

დღეს იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე კვდება, ვიდრე 2011 წელს - "ნიუ ჰოსპიტალის" დეპარტამენტის ხელმძღვანელი

2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაფინანსდება ონკოლოგიური მიმართულებით, ადრეული კვლევებიც, შესაბამის სერვისებს კი, სახელმწიფოსგან 40 000 ლარზე მეტი შემოსავლისა და კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებიც მიიღებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიან ამბობს, რომ სისტემა გაუმართავია, შესაბამისად, აქ დიდი ფინანსური რესურსის ჩადება, შედეგიანი ვერ იქნება.

როგორც კალოიანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულ მოლოდინებს აჩენს წარსულის გამოცდილება, რა დროსაც ჯანდაცვის მიმართულებით შეღავათები პენსიონერებისთვის აქამდეც არსებობდა, თუმცა გაუმართავი სისტემის პირობებში, შესაბამისად ვერ სარგებლობდნენ.

„ხელისუფლება აქამდეც და შემდეგაც აპირებს ძალიან დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვას ჯანდაცვაში, თუმცა ეს ხარჯი არის არაეფექტური და ასეთი კატეგორიული განცხადების საშუალებას მაძლევს ის მონაცემები, რაც დღეს გვაქვს. დღეს საქართველოს მოქალაქეები, სამწუხაროდ, კვდებიან იმაზე მეტნი, ვიდრე 2011 წელს, როდესაც ჯანდაცვითი ხარჯი ამხელა არ იყო. ძირითადი „მკვლელი დაავადებების“, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური დაავადებების ზეწოლა საქართველოს მოქალაქეებზე როგორც ჯანმრთელობის სახით, ისე ფინანსურად, არის ძალიან მაღალი და რეალურად, არანაირი კლების დინამიკა, მაგ მიმართულებით არ არის, რაც ცალსახად გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეს რესურსიც იქნება დახარჯული არაეფექტურად, რადგან თავად სისტემა არის არაეფექტური.

დღეს უკვე დახარჯულია ძალიან დიდი თანხა და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ კატასტროფული ხარჯები მნიშვნელოვნად არ არის შემცირებული, ზოგიერთ შემთხვევაში, გაუარესებულიც არის. ამიტომ, თავისთავად ბევრი ფულის დახარჯვა არ ნიშნავს, რომ ეს ინტერვენციაც იქნება ეფექტური. პენსიონერებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, აქამდეც არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ მოქალაქეები ამით ვერ სარგებლობდნენ, არ ჰქონდათ ინფორმაცია, იყო ბიუროკრატიული ბარიერები, არ იყო პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამისთვის მზად, არ იყო სამედიცინო სექტორი ამისთვის მზად, ორგანიზების და ცოდნის თვალსაზრისით, რაც სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ თუ ცუდ სისტემაში ჩავასხამთ ძალიან ბევრ ფულს, ეს არ ნიშნავს, რომ ეფექტური იქნება“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

წყატო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა