ნავთობი მნიშვნელოვნად გაიაფდა
ნავთობი 8 ნოემბერს მნიშვნელოვნად გაიაფდა და მისმა ფასმა სამი თვის მინიმუმს მიაღწია. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ამის მიზეზი ნავთობპროდუქტების ძირითადი მომხმარებლების, აშშ-ის და ჩინეთის მიერ ნავთობის მოხმარების კლების პროგნოზებია.
კერძოდ Brent-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის ფასი ამჟამად $81,76 შეადგენს, ხოლო ამერიკული WTA-ს ერთი ბარელი $77,35 ღირს. ეს ყველაზე დაბალი ფასია 24 ივლისის შემდეგ.
ნავთობის ფასის კლებას ისრაელში მიმდინარე ომის მიუხედავად ახლო აღმოსავლეთიდან მისი დაუბრკოლებელი მიწოდება და ვენესუელის მიერ ნავთობის მოპოვების ზრდა ხელს უწყობს. ბოლო დროს აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქა. ამჟამად ვენესუელა დღე-ღამეში 900 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს.
რაც შეეხება ჩინეთს, იქ ნავთობის მოხმარების კლების პროგნოზი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით აიხსნება. ამასთანავე, ექსპერტების ბოლო შეფასების მიხედვით, ჩინეთი წელს 5%-იან ზრდას მაინც აჩვენებს.