დამიზნებით გვესროდნენ, გინტურს ხერხემლის არეში ჰქონდა ნატყვიარი - დოთიაშვილი კირბალში მომხდარზე
ლევან დოთიაშვილმა, რომელიც ოთხდღიანი ტყვეობის შემდეგ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, 6 ნოემბერს მომხდართან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას თქვა, რომ რუსები მას სროლით გამოედევნენ, რა დროსაც თამაზ გინტური ხერხემლის არეში დაიჭრა, თავად კი ტყის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ჯერ საბურავებს ესროდნენ და მერე იყო გამიზნული სროლა. წავიდეთ მეთქი და მივდივართ, არაფერი არ უთქვამთ. მერე ეტყობა რაციაში დაუძახა, არ ვიცი, რა მოხდა, ჩვენ მანქანაში ვისხედით. შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთ, არ გაგიგია. მოგვდევდა სროლა-სროლით, ბევრი გაისროლა.
მე თვითონ ვნახე ნატყვიარი ზურგის, ხერხემლის არეში. ერთი თქვა, რომ დამჭრაო. მოგარტყა დიმიტრიჩ მეთქი და ხოო. გადავედი მე მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით.
არ ვიცი ვინ ისროლა, დავინახე ვინაა, მაგრამ ვერ ამოვიცნობ. ვიცი ეგ ფოტოები და ვერ ვიცანი. დანარჩენი 7 ამოვიდა, სროლის შემდეგ, 5-6 წუთის მერე. თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას რომ გავაგებინე, იმის მერე 7 მოვიდა და წამიყვანეს. პირდაპირ სროლით მოდიოდა ჩვენს უკან ცეცხლსასროლი იარაღით და სათამაშოდ რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა.
გზაში იყო რაღაცა შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო[ვინც მირტყამდა]. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ვეღარ ვიგებდი უკვე“, - ამბობს დოთიაშვილი.
შეგახსენებთ, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ გაიტაცეს, რაც მისი თანმხლები თამაზ გინტური მოკლეს.