არასრულწლოვანი გოგოს მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი 20 წლის ბიჭმა გაიტაცა - ხმაური და დაპირისპირება ბოლნისის პოლიციის სამმართველოსთან (ვიდეო)
წუხელ ხმაური იყო ბოლნისის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც არასრულწლოვანი გოგოს მშობლები შვილის გატაცებას აპროტესტებდნენ. მშობლების მტკიცებით, მათი 16 წლის შვილი 20 წლის ბიჭმა, ქორწინების მიზნით, სოფლიდან გაიტაცა. ოჯახი გოგონას დაბრუნებას ითხოვს.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის გოგონას ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი გოგონა გატაცებული იყო. შეტყობინების საფუძველზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ არასრულწლოვანი გოგონა საკუთარი ნებით გაჰყვა 20 წლის ბიჭს და მისი ოჯახიდან წამოსვლა არ ისურვა. პოლიციელებმა ის ადგილზე დატოვეს.
სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ გოგონას ოჯახის წევრები ბოლნისის პოლიციის განყოფილებასთან და ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.