რომელი მასწავლებლები მიიღებენ 2024 წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას?
საქართველოს მთავრობა პედაგოგების ანაზღაურების ახალი მოდელის შემუშავებაზე მუშაობს - ამის შესახებ დღეს განათლების და მეცნიერების მინისტრმა BMG-ის განუცხადა. გიორგი ამილახვარის განმარტებით, ამჟამად სამინისტროს შეუძლია დანამდვილებით განაცხადოს, რომ მომდევნო წელს პედაგოგები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ 500 ლარით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებენ.
განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ის მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს და ზოგადი განათლების ახალი ხედვა და პედაგოგების კარიერული ზრდის კონცეფცია სამინისტროს მიმდინარე წლის დეკემბრისთვის უკვე შემუშავებული ექნება.
“დეკემბრის შუა რიცხვებში ვფიქრობ, რომ გვექნება ზოგადი განათლების მიმართულებით პრეზენტაცია იმ განახლებული ხედვების და რეფორმების რომელიც ახლა სამინისტროში მუშავდება. რაც შეეხება თქვენ კონკრეტულ კითხვას, ახლა ვართ ჩართული მასწავლებლებთან შეხვედრებში. წინა კვირაში დაახლოებით 700 პედაგოგს შევხვდი და გვქონდა 3-საათიანი დისკუსია - როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნით ამ კვირაში რეგიონებში მაქვს გასვლა. გვინდა, რომ მასწავლებლები ჩავრთოთ, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილებები. საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას, რომელიც შედის პირველ რიგში მასწავლებლების ინტერესში და რომელმაც უნდა მოიტანოს პირველ რიგში ხარისხიან განათლებაზე წვდომის ამაღლება.
ჩვენი სახელფასო ბიუჯეტი იზრდება და იმ სისტემით, რაზეც ვმუშაობთ. სრულ დატვირთვაზე მომუშავე პედაგოგებს მინიმუმ 500 ლარით მოემატებათ ანაზღაურება”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
2024 წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების დაფინანსებაზე 1.28 მილიარდი ლარი მიიმართება, რაც 2023 წელთან შედარებით 160 მილიონი ლარით მეტია.
წყარო : BMG