როგორ ვუმკურნალოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას?
ლუდომანია (ლათ: „ლუდო“ – „ვთამაშობ“, „მანია“ – მიზიდულობა, გატაცება) – არის ადამიანის უკონტროლო, პათოლოგიური დამოკიდებულება სხვადასხვა აზარტული თამაშის მიმართ (სათამაშო ავტომატები, რეალური ან ონლაინ-კაზინო და ა.შ.).
ლუდომანიის ალტერნატიული განსაზღვრებაა – გემბლინგი – დამოკიდებულება, სათამაშო დამოკიდებულება. სპეციალისტების აზრი ამ დრომდე იყოფა, ჩაითვალოს თუ არა ლუდომანია დამოკიდებულების
ლუდომანიის მიზეზები
მთლიანობაში ითვლება, რომ ამგვარი ტიპის ყველა დამოკიდებულებას (ონიომანია ანუ შოპოჰოლიზმი, ლუდომანია, კლეპტომანია და სხვა) ძირითადად აქვს ფსიქოლოგიური მიზეზები. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ლუდომანიის განვითარებას და ისინი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ან ფიზიოლოგიური (ჰორმონული დარღვევები, დოფამინის არასაკმარისი გამომუშავება).
აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების განვითარების ძირითად ფსიქოლოგიურ მიზეზებს მიაკუთვნებენ:
აგზნებული მდგომარეობის დამოუკიდებლად რეგულირების უუნარობას – ხშირად მოთამაშეს არ შეუძლია არა მხოლოდ თავისი მდგომარეობისა და სათამაშო ტრანსში ჩაძირვის გაკონტროლება, არამედ ასეთი პრობლემის არსებობის გაცნობიერებაც კი.
ურთიერთობის პრობლემებს – ოჯახში, მეგობრებთან, მშობლებთან, მარტოობის შეგრძნება.
თვითშეფასების პრობლემებს – ასეთ ადამიანთა თვითღირებულება იმატებს მოგების მომენტში და საერთოდ, მათი თვითშეფასება დამოკიდებულია მატერიალურ კეთილდღეობაზე.
დამოკიდებულების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები ხშირად ხდება:
ის, რომ აზარტულ თამაშებს თამაშობენ ნათესავები ან მეგობრები;
ადამიანის მიერ ფულის გადაჭარბებულად შეფასება. დარწმუნებულობა იმაში, რომ მისი საშუალებით ყველა პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი;
ადვილად მოსაპოვებელი შემოსავლისკენ სწრაფვა;
ფინანსური გაუნათლებლობა, ფულის განაწილებისა და მართვის უუნარობა.
როგორ ვითარდება ლუდომანია
ლუდომანიის განვითარება ხშირად იწყება მოწყენილობისგან გათავისუფლების, სტრესთან გამკლავების მცდელობით. შემდეგ კი დამოკიდებულებისადმი მიდრეკილი ადამიანები (ზემოთ აღნიშნულია ამის ხელშემწყობი ფაქტორები) ექცევიან ჰორმონულ მახეში. ადრენალინი, დოფამინი და სხვა ჰორმონები, რომლებიც გადაიტყორცნებიან სისხლში თამაშისა და მოგების დროს, იძლევიან იმდენად დიდ ეფექტს, რომ მოთამაშე ისევ და ისევ უბრუნდება მას. ნეიროჰორმონებს ის გადაჰყავთ ერთგვარ ტრანსის მსგავს მდგომარეობაში, რომლის დროსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს თავის ქმედებებს.
დამოკიდებულების სტადიები
დროთა განმავლობაში მკურნალობის გარეშე ლუდომანია პროგრესირებს. არსებობს სათამაშო დამოკიდებულების ეტაპების რამდენიმე კლასიფიკაცია. განვიხილოთ ყველაზე მარტივი, რომელიც შედგება 3 სტადიისგან.
ყველა, ვინც თამაშობს – ლუდომანი არ არის, მკურნალობა ბევრს საერთოდ არ სჭირდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ ფხიზელ აზროვნებას, აკონტროლებენ დახარჯულ თანხას, თამაშს უთმობენ გონივრულ დროს, არ ილტვიან მოგებისკენ და თამაშს აღიქვამენ მხოლოდ ეპიზოდურ გასართობად.
მთავარი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეიძლება გავიგოთ, რომ ადამიანს სწორედ დამოკიდებულება აქვს, არის:
თამაშისთვის გონივრული, რაციონალური მიზეზების არქონა;
უარს ვერ ამბობს თამაშის შეთავაზებაზე;
უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს თამაშს;
თამაშში მონაწილეობა პრიორიტეტულია ცხოვრების სხვა ასპექტებთან შედარებით (სამსახური, სწავლა, საოჯახო ვალდებულებები და ა.შ.);
საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისადმი მიყენებული ზიანი (სამსახურის დაკარგვა, ფინანსური ვალები, ოჯახის ქონების გაყიდვა, მოპარვა და ა.შ.).
ლუდომანია აისახება ჯანმრთელობაზეც. სისხლში დიდი რაოდენობით გადასროლილი ჰორმონები შინაგან ორგანოებს აიძულებენ იმუშაონ არანორმალურად ინტენსიურ რეჟიმში, რაც იწვევს მათი მუშაობის დარღვევას. იფიტება ფსიქიკა. გარეგნულად ლუდომანი ხშირად ჰგავს ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულების მქონე ადამიანს.
ლუდომანიის შედეგები
მკურნალობის გარეშე დატოვებული ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობა ამა თუ იმ სახით ანგრევს ცხოვრებას და/ან ადამიანის ჯანმრთელობას.
ლუდომანია იწვევს:
კარიერის დანგრევას, პროფესიული რეპუტაციის დაკარგვას – დამოკიდებულების გამო ლუდომანი აცდენს ან საერთოდ ტოვებს სამსახურს, ცუდად ასრულებს პროფესიულ მოვალეობებს, არღვევს პროექტის ვადებს;
სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს – დამოკიდებული მოთამაშეები ხარჯავენ მთლიან დანაზოგს, უგროვდებათ ვალები, ყიდიან ქონებას, ზოგჯერ კი კარგავენ საცხოვრებელ ადგილს;
ოჯახისა და სოციალური კავშირების დარღვევას – ლუდომანი მკვეთრად შემოსაზღვრავს სამეგობრო წრეს, თითქმის არ უთმობს დროს ოჯახს, მეგობრებსა და ნაცნობებს სთხოვს ფულს და შემდეგ არ უბრუნებს, რითაც უფუჭდება მათთან ურთიერთობა.
ყველაზე სერიოზული შედეგებია:
კანონდარღვევები, რომლის ჩადენასაც იწყებს ლუდომანი (მაგ.: მოპარვა);
თვითმკვლელობის მცდელობები – დაავადებულების 40%-ს აქვს სუიციდის მცდელობა.
ლუდომანიის მკურნალობა
სათამაშო დამოკიდებულების ძლიერი ფსიქოლოგიურ-ბიოქიმიური საფუძვლების გამო მისგან დამოუკიდებლად განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ავადმყოფი ხშირად ვერც კი ამჩნევს მკურნალობის აუცილებლობას.
პირველი და აუცილებელი ნაბიჯი მკურნალობისთვის არის ავადმყოფის მიერ პრობლემის არსებობის მიღება. ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ფსიქოთერაპევტთან ერთი ან რამდენიმე გასაუბრება, რის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ თერაპია.
გართულებული ლუდომანიის მკურნალობა, როდესაც ავადმყოფს უკვე განვითარებული აქვს დეპრესია, ნევროზი, სუიციდური აზრები – ხდება მედიკამენტების გამოყენებით. საწყის ეტაპებზე არის პრობლემის ფარმაკოლოგიის გამოყენების გარეშე მოგვარების შანსი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მედიკამენტები – არ არის ძირითადი მეთოდი.
ლუდომანიის მკურნალობა ხორციელდება ფსიქოთერაპიული მეთოდების დახმარებით. ეფექტურია ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიის კომბინაცია. მკურნალობისთვის გამოიყენება:
კოგნიტურ-ქცევითი თერაპია;
პიროვნებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია;
ჰიპნოზით მკურნალობა (მათ შორის ერიქსონის);
პროგრამა „12 ნაბიჯი“ – ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობის მსგავსად.
სათამაშო დამოკიდებულების პროფილაქტიკა
თამაშდამოკიდებულების პროფილაქტიკა მიმართულია იმ ფაქტორების აღმოფხვრა/შემცირებისკენ, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას. რეკომენდებულია:
სტრესის დონის შემცირება, წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება (არ უნდა დაგროვდეს და მათი იგნორირება);
ცხოვრების აქტიური წესი, ჰობის ქონა;
ოპტიმიზმის შენარჩუნება;
ექიმთან დროულად მიმართვა დეპრესიისა და ნევროზის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე.
წყარო: მკურნალი.გე