ხონის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახახულევში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით დაავადების ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა. შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყეს.
ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, აყვანილი არიან ანტირაბიულ კონტროლზე.
კარანტინი დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება.