ჩრდილოეთ კორეა ჯაშუშური თანამგზავრის კოსმოსში გაშვებას მესამედ შეეცდება
იაპონური მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა მესამე ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებას აპირებს. თავის მხრივ, იაპონია და სამხრეთ კორეა მოუწოდებენ ჩრდილოეთს, რომ თანამგზავრის გაშვება გადაიფიქროს, რათა გაერო-ს რეზოლუციის დარღვევა თავიდან აიცილოს. გაერო-ს უშიშროების საბჭო ფხენიანს თანამგზავრის გაშვებას იმიტომ უკრძალავს, რომ მას სარაკეტო ტექნოლოგიის გამოცდის საბაბად მიიჩნევს.
ფხენიანის ინფორმაციით, ისინი ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებას 30 ნოემბრისთვის გეგმავენ. ჩრდილოეთისთვის ეს წელს უკვე რიგით მესამე მცდელობა იქნება, რადგან წინა ორმა წარუმატებლად ჩაიარა.
იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ფხენიანმა სამი საზღვაო ზონა დაასახელა, რომელზეც, სავარაუდოდ, რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივა. მათგან ორი ზონა კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს, მესამე კი - ფილიპინების კუნძულ ლუზონის აღმოსავლეთით.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, კანგ ჰო-პილმა განაცხადა, რომ თანამგზავრის გაშვების შემთხვევაში სეული აუცილებელ ზომებს მიიღებს.
ჯაშუშური თანამგზავრი კიმ ჩენ ინისთვის დიდი ხნის ნანატრი რამ არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრისას, რომელიც სექტემბერში შედგა, რუსეთის პრეზიდენტმა მას თანამგზავრის ასაგებად დახმარება შესთავაზა. მას შემდეგ, პუტინის დაპირების შესრულების სავარაუდო დეტალები არცერთი ქვეყნის მედიას აღარ დაუზუსტებია.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ნოემბრის ბოლომდე სამხრეთ კორეაც გეგმავს საკუთარი ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებას. თანამგზავრს კოსმოსში მასკის SpaceX-ის რაკეტა გაგზავნის. ეს იქნება პირველი თანამგზავრი ხუთიდან, რომლის გაშვებასაც სეული 2025 წლამდე გეგმავს.
წყარო:BBC