მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო მე-15 ადგილზეა
2023 წლის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკა სავარაუდოდ 3%-ით გაიზრდება, მათ შორის აშშ-ის ზრდა 2.1%-ია, ჩინეთის ზრდა - 5%, ინდოეთის - 6.3%, ევროზონის ეკონომიკური ზრდა კი 0.7% იქნება, მათ შორის გერმანიაში 0.5%-ის რეცესიაა ნავარაუდევი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2023 წელს 191 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის ყველაზე სწრაფად 74.4%-ით მაკაოს ეკონომიკა გაიზრდება, სუვერენულ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზეა გაიანა 38.4%-იანი ზრდით.
სავალუტო ფონდს ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს პროგნოზირებული საქართველოსთვის. ორგანიზაცია მოელის, რომ საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება, რაც მსოფლიოში რიგით 15-ე ყველაზე მაღალი შედეგია. 7%-იანი ზრდა აქვს ნავარაუდევი სავალუტო ფონდს სომხეთისთვის, თუმცა უცნობია რამდენად ასახავს ეს პროგნოზი სექტემბერში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებული მორიგი დაპირისპირების ეკონომიკურ ეფექტებს.
რაც შეეხება ქვეყნებს ყველაზე დაბალი ზრდით, ამ მხრივ უკანასკნელ ადგილზეა სუდანი 18%-იანი რეცესიით. 6.2%-იანი ვარდნაა პროგნოზირებული ეკვატორულ გვინეაში, 2.7%-იანი კლება ერაყში; 2.5%-იანი რეცესია კი არგენტინაში არის ნავარაუდევი.