ირანში ანტისამთავრობო პროტესტის გამო 21 წლის მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს - BBC
ირანში, ფარულად, სიკვდილით დასაჯეს 21 წლის მილად ზოჰრევანდი, რომელიც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ BBC წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ირანის ქალაქ ჰამადანის ციხეში 23 ნოემბერს, გამთენიისას მოკლეს. მანამდე, ჰამადანის პროკურორმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი სასამართლოს ფილიალმა დაადასტურა რევოლუციური გვარდიის დაზვერვის სამსახურის წევრის, ალი ნაზარის მკვლელობაში ბრალდებულის სასიკვდილო განაჩენი, თუმცა მათ არ დააზუსტეს ბრალდებულის ვინაობა, მაგრამ უფლებადამცველმა ორგანიზაცია Hengaw-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ეს იყო ზოჰრევანდი. ასევე ნათქვამია, რომ მის ოჯახზე ზეწოლა განხორციელდა, რათა მისი საქმე არ გაესაჯაროებინათ.
დადასტურების შემთხვევაში, ზოჰრევანდი იქნება მე-8 მომიტინგე, რომელიც ირანში სიკვდილით დასაჯეს 2022 წლის აქციების შემდეგ.
ცნობისთვის, ირანის სასულიერო დაწესებულების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმა 2022 წლის სექტემბერში იფეთქა, მას შემდეგ, რაც 22 წლის ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი, ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა, 3 დღის შემდეგ კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ამის შემდეგ საპროტესტო აქციებზე ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დააკავეს უშიშროების ძალების ძალადობრივი დარბევის შედეგად, რომლებიც საპროტესტო აქციებს „აჯანყებას" უწოდებდნენ.