რა გაძვირდა და გაიაფდა ნოემბერში? - საქსტატი
2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე იქონია:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.5 პროცენტიანი კლება, რაც -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (-3.7%), ხილი და ყურძენი (-2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5%), თევზეული (-0.8%), პური და პურპროდუქტები (-0.8%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (0.6%), რძე, ყველი და კვერცხი (0.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4%);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2%), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-2.8%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.2%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.1%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 0.8%-ით, რაც -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-1.5%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (2.8%) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1%).