ამერიკა ღაზის სექტორში ბუფერული ზონის შექმნას შეეწინააღმდეგება - სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ ღაზის სექტორში ბუფერული ზონის შექმნას შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განუცხადა.
მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ აშშ ღაზასთან დაკავშირებით 5 პრინციპიდან გამომდინარე იმოქმედებს და ერთ-ერთი პრინციპი უკავშირდება იმას, რომ ღაზის ტერიტორია არ უნდა შემცირდეს.
„თუ ვინმე გამოვა ინიციატივით, ღაზის სექტორში ბუფერული ზონა შეიქმნას, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრინციპის დარღვევა, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგებით. თუ ეს ისრაელის ტერიტორიაზე მოხდება, ამაზე არაფერი მაქვს სათქმელი - ეს გადაწყვეტილება ისრაელმა უნდა მიიღოს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
როგორც დეკემბრის დასაწყისში Reuters-ი წერდა, ისრაელმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის რამდენიმე ქვეყანას შეატყობინა, რომ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ბუფერული ზონა უნდა შეიქმნას.