ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც მერიისგან 450 ლარს მიიღებს?
თბილისის მერია მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტებს დააფინანსებს. როგორც STUDINFO.GE-ს თბილისის მერიაში 24 ნოემბერს განუცხადეს, თუ გასულ სემესტრში მაგისტრანტმა სემესტრი წარმატებით დახურა, მას მერიისგან ერთჯერადად 450 ლარი ჩაერიცხება. პროგრამაში ჩასართავად, რომელიც ფინანსური წახალისების გაცემას ითვალისწინებს, მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, აუცილებელია, მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, თბილისში რეგისტრირებული (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა), აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი იყოს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფინანსური წახალისების პროგრამაში ჩართვა, შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტი.
რაც შეეხება განცხადებების მიღებას, იგი 24 ნოემბერს დაიწყო და 20 დეკემბრის ჩათვლით გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კი, მაგისტრანტმა სტუდენტებმა შემდეგი განცხადებები უნდა წარადგინონ:
👉 განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ.
👉 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან პასპორტის ასლი.
👉 საბანკო რეკვიზიტები.
👉თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა. (გაითვალისწინეთ, ცნობა, რომელსაც იუსტიციის სახლი 10 სამუშაო დღეში გასცემს, ბოლო სამი თვის განმავლობაში უნდა იყოს გამოცემული).
👉 იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც სარეგისტრაციო წელი და თვე ქნება მითითებული (გაიცემა შემდეგ მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N15ა). მაგისტრანტებს განცხადებების წარდგენა თბილისის მერიის კანცელარიაში, თბილისის რაიონული გამგეობის სერვისცენტრებსა და ელექტრონულ პლათფორმაზე შეეძლებათ. ამ უკანასკნელზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი მოწყობილობა გააჩნიათ. (გაითვალისწინეთ, განცხადებები უნდა დაიწეროს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას სახელზე).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს:
სალომე ქეშელაშვილს – ტელ: 558 565837; 032 2 378455
შეგახსენებთ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს.