ძალიან ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღე ემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს - ნინო ქადაგიძე-ჟვანია
ძალიან ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღე ემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს, როგორიც არის ევროპისკენ გადადგმული ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩვენი დაბრუნება იმ ევროპულ ოჯახში, რომლის წევრადაც ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით თავს, – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანიამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ნინო ჟვანიამ ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
"ძალიან დიდი პატივია, რომ პარლამენტი გვმასპინძლობს და ეს დღე აღინიშნება სწორედ პარლამენტის კედლებში, რომელიც ასეთი მშობლიურია ჩემთვისაც კი და ბევრი ადამიანისთვის, რომელიც დღეს აქ არის, ძალიან ბევრი რამ აქვს ნანახი სწორედ ამ შენობაში, როგორ იქმნებოდა პარლამენტი, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. ეს არის ჩვენი ცხოვრება, რომელმაც უცბად გაიარა. ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ზურას დაბადების დღე ემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს, როგორიც არის ევროპისკენ გადადგმული ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩვენი დაბრუნება იმ ევროპულ ოჯახში, რომლის წევრადაც ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით თავს და მგონია, ესეც შემთხვევითი არ არის. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა და ორი არაჩვეულებრივი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ზურას მეგობრებმა გააკეთეს – ზურას პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი წიგნი, ძალიან კარგი წიგნი და ასევე, თავიდან გამოვეცით ზურას ლექციები, რომელიც ასევე არაჩვეულებრივია“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.