ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ
Financial Times-ი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ, რათა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა გამოიყენოს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულება, რომელიც საშუალებას იძლევა წევრ ქვეყანას ჩამოერთვას ხმის უფლება ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ეს პროცესი შეიძლება დაბლოკოს ევროკავშირის ნებისმიერმა წევრმა ქვეყანამ, მაგრამ როგორც Financial Times-ი წერს, პოლონეთის ბოლო არჩევნების შემდეგ "უნგრეთს ევროკავშირში აღარ ჰყავს გარანტირებული მფარველი".
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ბუდაპეშტზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ფრთხილობს. როგორც FT წერს, ევროკავშირის 26 სხვა წევრ ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ, თუმცა "ამას დრო დასჭირდება და მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტა" იქნება.
"შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა, უნგრეთმა გვაიძულოს გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი. მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში". - წერს FT ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
გასულ კვირას უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების შემდეგ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა.
14 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს ევროკომისიის რეკომენდაცია და მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მთავარი ოპონენტი ვიქტორ ორბანი იყო.