კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს
კახეთის გზატკეცილზე, ადგილზე სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის ინფორმაციით, საკარანტინო ღონისძიებები თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.
"კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად, საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. მოზარდის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.