ვარკეთილის მეტროსთან სავაჭრო ცენტრი აშენდება
ვარკეთილის მეტროსთან გარე ვაჭრობა თბილისის მერიამ 2022 წელს აკრძალა და შესაბამისი კონსტრუქციებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. თბილისის მერი მაშინ ამბობდა, რომ გარე მოვაჭრეები სპეციალურ სავაჭრო ზონებში იქნებოდნენ გადაყვანილი.
როგორც თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე კვირას საკრებულოს სხდომაზე ვარკეთილის მეტროს უკან, ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე იმსჯელეს. პროექტის კომპანია “მეტრო ჰოლდინგი” ახორციელებს. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა პირველად 2020 წელს დამტკიცდა, თუმცა კომპანიამ არსებულ გეგმაში ცვლილებები ითხოვა.
კორექტირებული პროექტის მიხედვით სავაჭრო ცენტრისთვის განკუთვნილ ნაკვეთს ახალი არეალები ემატება და ტერიტორიაზე დღეს მოქმედი საცხოვრებელი ზონა 6 საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით იცვლება.
რაც შეეხება თავად სავაჭრო ცენტრის პროექტს, კომპანიის ცნობით, ჯამში კომერციული ფართობი დაახლოებით შეადგენს 17975,3 კვ.მ-ს. ასევე კომპლექსის ქვედა ორი მიწისქვეშა სართული კვლავ განსაზღვრულია ავტოსადგომების მოსაწყობად და იტევს 174 გასაჩერებელ ადგილს. სავაჭრო ცენტრი კომერციული; საკვები, საოფისე, სამაყურებლო და სარეკრეაციო კომპონენტებით დაიტვირთება.
კომპანიის მხრიდან ურბანული სამსახურისთვის წარდგენილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროექტით განსაზღვრული სავაჭრო ცენტრის დაგეგმილი ინტენსივობით ამოქმედებისთანავე, არაკონკურენტუნარიანი გახდება გზის გაყოლებაზე არსებულ მცირე გაბარიტების მქონე, დროებით სავაჭრო ობიექტები.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ვერ განხორციელდა ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა შემოყვანა დაგეგმილ პროექტში, რადგან აღნიშნული სავაჭრო ობიექტები, მოქმედ ბიზნესს წარმოადგენს, რაც მესაკუთრეებთან მოლაპარაკების პროცედურებს ართულებს.
კომპანიის "მეტრო ჰოლდინგის" პოზიციაა, რომ მშენებარე სავაჭრო ცენტრის სრულყოფილად ამოქმედებისთანავე, მეორე ეტაპად დაგეგმილია გზისპირა სავაჭრო ობიექტების მფლობელებისთვის, კომპლექსის შიდა, კომფორტულ სივრცეში გადმოყვანის შეთავაზება და სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით გზისპირა განაშენიანების დემონტაჟი.
ცნობისთვის, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით კომპანია შპს “მეტრო ჰოლდინგის” 37.5% წილს ნინო ზაქაიძე ფლობს, 30%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ვარკეთილი მოლია, 7.5%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ზურგოვანა ვილა ფლობს, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ აჰმადოვ კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელია.
წყარო: BM.GE