„წინასაახალწლოდ შეიძლება გაძვირდეს ინდაური, მაგრამ არა - სასურსათო კალათა“- ივა ჭყონია
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელ ივა ჭყონიას თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ფასების და ლარის კურსის გათვალისწინებით, ბოლო თვეების განმავლობაში პროდუქტებზე ფასები სტაბილურია, შესაბამისად, წინასაახალწლოდ აღარ გაძვირდება.
უფრო მეტიც, ჭყონია ამბობს, რომ ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ქსელურ მარკეტებს მომხმარებლისთვის არაერთი წინასაახალწლო შეთავაზება აქვთ.
„გამოწვევების მიუხედავად, წელი პოზიტიურად დასრულდა, ფასები ჩამოყალიბებულია, ლოგისტიკურად არსებული პრობლემები კი მოგვარებული, ამასთან, ლარი სტაბილურობას განაგრძობს და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება.
რატომღაც არის მოლოდინი, რომ წინასაახალწლოდ ყველაფერი გაძვირდება. წინასაახალწლოდ შეიძლება გაძვირდეს ინდაური, იმიტომ რომ ქართველი ინდაურს ჭამს წელიწადში ერთხელ. გასაგებია, რომ გლეხი თუ ფერმერი გაყიდის უფრო ძვირად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასურსათო კალათა მთლიანად გაძვირდება. პირიქით, უფრო ხელმისაწვდომი იქნება, იმიტომ, რომ კონკურენცია დიდია, კომპანიები ცდილობენ, აქციებით მოიზიდონ კლიენტები. ბევრი შეთავაზება იქნება, რაც მისცემს მომხმარებელს საშუალებას, ხელსაყრელ ფასებში იყიდონ წინასაახალწლოდ პროდუქცია“, - განაცხადა ჭყონიამ "საქმიანი დილას" ეთერში.