"დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვი ცოცხალი აღარ დამხვდებოდა" - 7 წლის ბიჭი თავმოხდილ სანიაღვრე ჭაში ჩავარდა და 300 მეტრი მილში იცურა
შვიდი წლის ბავშვი წვიმის დროს თავმოხდილ სანიაღვრე ჭაში ჩავარდა და 300 მეტრ მანძილზე მილში გადაადგილდებოდა. შემთხვევა ბრაზილიაში ქალაქ კრუს ალტაში მოხდა, რომლის შესახებაც Daily Mail იუწყება.
შვიდი წლის რაფაელ სანტოსი მეგობრებთან ერთად სეირნობდა, როდესაც შემთხვევით თავმოხდილ სანიაღვრე მილში ჩავარდა. ბიჭის მეგობრებმა მაშინვე მამამისს პაოლო როჩას შეატყობინეს. ”დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვი ცოცხალი აღარ დამხვდებოდა. ის ფაქტობრივად მილში ჩავარდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“, - განაცხადა როჩამ.
თუმცა, სანტოსმა მალე შეძლო კანალიზაციისგან თავის დაღწევა. ის წყლის ნაკადმა დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე ატარა. ბავშვმა მარცხენა წარბის ზემოთ ღრმა ჭრილობა მიიღო, რისთვისაც 25 ნაკერი დასჭირდა.
როჩამ აღნიშნა, რომ მის შვილს ძალიან გაუმართლა, რომ ნაკადმა ის მილის ზუსტად იმ მონაკვეთში მიიყვანა, რომელიც ზედაპირზე ამოდიოდა. კიდევ ერთი მილი, რომელშიც ის შეიძლებოდა ჩავარდნილიყო, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ გადიოდა და მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
ბიჭუნას თქმით, მილში იმდენი წყალი იყო, რომ ძლივს მოძრაობდა. მან ასევე თქვა, რომ ინციდენტის შემდეგ "არაფრის ეშინია".
საქალაქო კომუნალურმა კომპანიებმა ამის შემდეგ დახურეს ჭა და ქალაქის ყველა სანიაღვრე შეამოწმეს. ქალაქის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ დეკემბერში, სადრენაჟეები დიდი სიმძლავრით მუშაობდა, რადგან რეგიონში ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოვიდა და ზოგან სანიაღვრეების ახდა გახდა საჭირო..
წყარო - mshoblebi.ge