„ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის“ - სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!
ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისთვის.
თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.