მთელ რუსეთს სჯერა თქვენი და მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას - თინა კანდელაკი პუტინს
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი რუსეთის ფედერაციაში მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ტელეგრამზე წერს და კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ღია მხარდაჭერას უცხადებს.
კანდელაკის თქმით, რუსეთმა პუტინის ხელმძღვანელობით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ უზარმაზარი იმპერიაა.
კანდელაკი ამბობს, რადგან რუსეთი იმპერიაა, მსოფლიოს ამის გათვალისწინება მოუწევს.
„არასოდეს დამიმალავს რომ მხარს ვუჭერ იმ ვექტორს, რომლითაც ვლადიმერ პუტინი ჩვენს ქვეყანას ხელმძღვანელობს. რუსეთი მართლაც დიადი ქვეყანაა და ჩვენმა პრეზიდენტმა ეს მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა.
გლობალური დაპირისპირების დროს ჩვენ არა მხოლოდ ვინარჩუნებთ სუვერენიტეტს, არამედ პატივს ვცემთ საკუთარ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ისტორიას და ბუნებრივ რესურსებს. ყველა პოზიტიური ცვლილება რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს შეიძლება გაგრძელდეს.
ამიტომ, ჩვენს ამჟამინდელ პრეზიდენტს ვუსურვებ დამაჯერებელ გამარჯვებას მარტში ჩანიშნულ არჩევნებში. მთელ რუსეთს სჯერა თქვენი და მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას.
პუტინის ხელმძღვანელობით, ჩვენ მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ უზარმაზარი იმპერია, რომლითაც ვამაყობთ და ამის გათვალისწინება მთელ მსოფლიოს მოუწევს. ჩვენ არასოდეს ვიქნებით არავის კოლონია და „სანედლეულო დანამატი“,- აცხადებს თინა კანდელაკი.