ისრაელის პრემიერს უნდა შეეძლოს უარის თქმა, თუნდაც ეს ჩვენი საუკეთესო მეგობრები იყვნენ - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, როგორც ჩანს, გამორიცხა ომისშემდგომი სამშვიდობო პროცესი, რომელიც სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, და უარყო შეერთებული შტატების მოწოდებები, დაეწყოთ მუშაობა ამ საბოლოო მიზნისკენ, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.
"ახლო მომავალში ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში, ისრაელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების კონტროლი იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაზეთ The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ისრაელის მთავრობას მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ღაზის სექტორი ომის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ისრაელის ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, გადავიდნენ პალესტინის სახელმწიფოს საბოლოო ჩამოყალიბებისკენ.
მაგრამ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უარყვეს ასეთი მოწოდებები და განაცხადეს, რომ ისინი ორიენტირებულნი არიან ღაზაში მიმდინარე ომზე. ხუთშაბათს, ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან უარყო აშშ-ის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი მოწოდებები.
"ეს სიმართლე ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, ამერიკელებს და ასევე დავბლოკე იმ რეალობის დაწესების მცდელობა, რომელიც ზიანს მიაყენებდა ისრაელის უსაფრთხოებას. ისრაელის პრემიერს უნდა შეეძლოს უარის თქმა, თუნდაც ეს ჩვენი საუკეთესო მეგობრები იყვნენ", - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.