Red Wings საქართველოში ფრენას აღდგენილი Ту-214-ით გეგმავს
"ეხო კავკაზა" Red Wings-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ავიაკომპანია 9 თებერვლიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე ავიარეისის შესრულებას აღდგენილი Ту-214-ით აპირებს. ამ ეტაპზე Red Wings-ი რეისებს საქართველოში Sukhoi Superjet 100-ით ასრულებს.
Ту-214 (ბორტის ნომრით RA-64518) 2009 წელს ყაზანის საავიაციო ქარხანაში დაამზადეს. 2017 წლამდე ის ავიაკომპანია "Трансаэро"-ს ექსპლუატაციაში იყო. შემდეგ კი უკვე ავიაკომპანია Red Wings-ის მფლობელობაში. 2023 წელს სალიზინგო კომპანია "Ильюшин Финанс Ко."-მ მთავრობის დავალებით ორგანიზება გაუწია ხანგრძლივი შენახვის შემდეგ საფრენი ვადის მქონე ლაინერის აღდგენას, რის შემდეგაც ბორტმა საფრენი ვადის ახალი სერტიფიკატი მიიღო.
ცნობისთვის, გასულ წელს, მხოლოდ რამდენიმე თვეში, რუსეთში ადგილობრივი ავიახაზების თვითმფრინავების გაუმართაობასა და დაზიანებებთან დაკავშირებული 180-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა. ეს 3-ჯერ მეტია, მთელი 2022 წლის მონაცემებთან შედარებით.
როგორც გამოცემა Newsweek წერს, ვითარება სწრაფად უარესდება. ნოემბრის განმავლობაში თუ რუსული თვითმფრინავების 12 დაზიანება აღირიცხა, 1 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში - 14.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ეს დაკავშირებულია რუსული ავიაკომპანიებისადმი დაწესებულ სანქციებთან, რადგან ტექნიკური ინსპექტირება სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ ვერ ხერხდება. რუსული კომპანიები თავიანთ თვითმფრინავებს, ხშირად არაკვალიფიციური პერსონალის მეშვეობით დამოუკიდებლად არემონტებენ.
ამას გარდა, რუსეთში გავრცელებულია ე.წ. საავიაციო კანიბალიზმიც, რაც სხვა თვითმფრინავის გასარემონტებლად საჭირო სათადარიგო ნაწილებისთვის თვითმფრინავის დაშლას გულისხმობს.