სახალხო დამცველმა დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროება
სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი.
2018 წელს განმცხადებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა POS TV-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა. გაჩეჩილაძის მტკიცებით, შეხვედრის დროს რამიშვილმა მასზე სექსუალურად იძალადა. გასულ წელს, ანანია გაჩეჩილაძისა და შალვა რამიშვილის საუბრის ამსახველი ჩანაწერი ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა. გაჩეჩილაძემ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
"სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან. წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი პოზიცია/არგუმენტები არ წარმოუდგენია. საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით. სახალხო დამცველის განმარტებით, სექსიზმი სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა" – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, აგრეთვე, დაავალა, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობოს 20 დღის ვადაში.
აიისას დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორსა და ქართული ოცნების პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 2023 წლის მარტში დაადანაშაულა. ჩანაწერი, რომელიც რამიშვილისა და გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, შეხვედრა 2018 წელს შედგა - გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რამიშვილმა თავად დაიბარა.
ჩანაწერში სმის, თუ როგორ ავიწროებს სექსუალურად შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს.
ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა.
მაკო ჯაბუა მეორე ქალი იყო, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში ღიად დაადანაშაულა. მანამდე რამიშვილს უჩივლა და დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში მოუგო თათია სამხარაძემ.
შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დაარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.