ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი - ირაკლი ქადაგიშვილი
„ქართულ ოცნებაში“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კიევს მოუწოდებს ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებაში უკრაინის სპეცსამსახურების როლთან დაკავშირებულ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი.
„მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულყოფილი უზრუნველყოფა ჯანდაცვისა და მკურნალობის კითხვით. ეს ყველაფერი მრავალჯერ სხვადასხვა ყველაზე კომპეტენტური სამედიცინო დასკვნებით და მისი ფაქტობრივი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის დადასტურებული. ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი. ეს ერთი. და მეორე, ჯერ პასუხი გასცენ შეკითხვას, რომ უკრაინის ოფიციალურმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოგზავნასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
მიხაილო პოდოლიაკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი აცხადებს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული.