თეგებით ძიება

6 თვე გავიდა შოვის კატასტროფის შემდეგ და ფაქტია, რომ ხელისუფლებას კვლავ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ აქვს - ანა ნაცვლიშვილი

6 თვე გავიდა შოვის კატასტროფის შემდეგ და ფაქტია, რომ ხელისუფლებას კვლავ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშაოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა ადამიანები კვლავ მარტო დაუცველები სტიქიის პირისპირ არ იყვნენ.

„6 თვე გავიდა შოვის კატასტროფის შემდეგ და ფაქტია, რომ ხელისუფლებას კვლავ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ აქვს.

შედეგად, კვლავ მივიღეთ მსხვერპლი ქედასა და ბაღდათში. პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება და ხელისუფლების ქება, მაშინ როდესაც 11 ადამიანი დავკარგეთ და უამრავ ოჯახს მიადგა მძიმე მატერიალური ზიანი, უბრალოდ ცინიზმია.

კობახიძის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო გეგმაში არც კი ჩათვალეს საჭიროდ, ცალკე თავი დაეთმოთ ამ საკითხისათვის, ამ თემას გარემოს დაცვის თავში ეთმობა მხოლოდ რამდენიმე წინადადება, რომლის შინაარსიც არის უკიდურესად ზოგადი და ბუნდოვანი. კატასტროფებისადმი მოწყვლად ქვეყანაში, ისეთში, როგორც საქართველოა, გასულ და მიმდინარე წელს განვითარებული უმძიმესი მოვლენების ფონზე, კლიმატის ცვლილების და გარემოზე ადამიანის უგუნური და უკონტროლო ზემოქმედების ფონზე, აღნიშნული ნახევარი გვერდი არანაირად ქვეყნის გამოწვევებს არ პასუხობს და ეფექტიან სისტემას კატასტროფების პრევენციისათვის არ ქმნის, არ არის ადეკვატური, როგორც ადამიანური მსხვერპლის, ასევე ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად. გაოცებას იწვევს ისიც, რომ აღნიშნული საკითხები სამთავრობო პროგრამაში საერთოდ მდგრადი განვითარების პოლიტიკის ჭრილში არ არის დანახული.

ხელისუფლება ვალდებულია: დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა ადამიანები კვლავ მარტო დაუცველები სტიქიის პირისპირ არ იყვნენ.

სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს ყველა ნაბიჯი და გასატარებელი ღონისძიება, გაწერილი ვადებში, ციფრებში, ზუსტ ინდიკატორებში, პასუხისმგებელი უწყებების მითითებით, კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმის გათვალისწინებით, უწყებებს და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის სწორად განაწილებული ფუნქციებით და კოორდინაციის უზრუნველყოფით. აღნიშნული ღონისძიებები დანახული უნდა იყოს მდგრადი განვითარების პოლიტიკის კონტექსტში.

ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს შოვში, გურიაში, ხულოსა და ქედაში და ბაღდათში განვითარებული კატასტროფების მიზეზები, სახელმწიფოს მზაობის დონე და რეაგირების ხარისხი. ამ ანალიზის გარეშეც ხელისუფლება ვერ შეძლებს ადეკვატურად მოემზადოს სამომავლოდ.

ხელისუფლებამ დახმარებისთვის უნდა მიმართოს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და ჩართოს მათი ცოდნა და გამოცდილება სტრატეგიის შემუშავებაში, განვითარებული მოვლენების სრულყოფილ და ობიექტურ შესწავლაში, ასევ უნდა მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადები არიან ბუნებრივი კატასტროფების მიმართ, და ითხოვოს მათგან ექსპერტული დახმარება, გამოცდილების გაზიარება, მოიძიოს დამატებითი ფინანსები გამართული სისტემის შესაქმნელად.

როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე უნდა შეიქმნას და გაიმართოს კატასტროფის რისკების მართვაზე ფოკუსირებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ამ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული და არ იქნება დახუნძლული სხვა ფუნქციებით და ვალდებულებები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა