მსოფლიოში კაკაოს ფასმა 6 ათას დოლარს გადააჭარბა - მორიგი რეკორდი
მსოფლიო ბაზრებზე კაკაოს ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა და ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ტონაზე ფასმა 6 001 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 125%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის 14 თებერვალს ერთი ტონა კაკაო ბირჟებზე 2 667 დოლარი ღირდა.
კაკაოზე ფასების ზრდას სპეციალისტები მიწოდების ჯაჭვში შექმნილ პრობლემებსა და თავად პროდუქტის დეფიციტს უკავშირებენ. ამასთან, Forbes-ის შეფასებით, შოკოლადის პროდუქტების ძირითადი ნედლეულის დეფიციტი ზედიზედ მესამე სეზონია, გრძელდება და მომავალში შესაძლოა, მსხვილი საკონდიტრო კომპანიების მარაგიც ამოიწუროს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ფასები აღემატება წინა ისტორიულ მაქსიმუმს, რომელიც 1977 წელს დაფიქსირდა, როცა კაკაოს მარცვლების ფიუჩერსები ტონაზე 4 600 დოლარზე მეტად ივაჭრებოდა. ფასთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნახტომი 2011 წლით თარიღდება, როცა ფიუჩერსებმა ტონაზე, თითქმის, 3,800 დოლარს მიაღწია. ამის შემდეგ ფასები ტონაზე 1800-დან 2500-დოლარამდე დერეფანში შენარჩუნდა, ხოლო 2022 წლის ბოლოს სწრაფი ზრდა დაიწყო.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“